17/11/2023
13:06
მსოფლიო
ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა. 16 ნოემბერს ფედერალური მთავრობის კანონპროექტს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ მემარცხენე პარტიის წევრები წავიდნენ.
ეს ნაბიჯი მიზნად ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირებას ისახავს. უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიცირება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ უფრო სწრაფად განიხილება, რაც შესაძლებელს გახდის დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მთავარი კრიტერიუმი კი პოლიტიკური დევნის საფრთხის არარსებობაა.
შესაბამისად, ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატი) მიერ ბუნდესტაგის გადაწყვეტილების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის უარის თქმის პროცედურა გამარტივდება.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი მიესალმა ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანი ნაბიჯია" არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ, რამაც შესაძლოა, მუნიციპალიტეტებსა და სასამართლოებზე ტვირთი შეამციროს. ფეზერის თქმით, გერმანია საქართველოს და მოლდოვასთან მიგრაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რაც "შესაძლებელს გახდის სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიციურ იმიგრაციას და ამგვარად შეიქმნება სტიმული, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა გერმანიაში აღარ წარადგინონ თავშესაფრის უიმედო განაცხადები".
ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის მონაცემებით, საქართველოდან და მოლდოვადან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 2023 წლის პირველ ნახევარში 0.1% იყო, რაც ნიშნავს, რომ ათასიდან მხოლოდ ერთი განაცხადი აღმოჩნდა წარმატებული.
ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, კოსოვო, მონტენეგრო, განა და სენეგალი გერმანიას უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი.
0
0