
ბულინგს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება, ის არ აზიანებს მხოლოდ მსხვერპლს, – განაცხადა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, სოფო ბაჩილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ბულინგს აქვს ნეგატიური გავლენა გარშემომყოფებზე. ასეა ვთქვათ, ფიზიკურ სივრცეში, როდესაც ბულინგზე ვსაუბრობთ. ადამიანები, რომლებიც არიან ბულინგის შემთხვევების შემსწრე, მუდმივად არიან დათრგუნული, რადგან ეშინიათ, რომ თავადაც არ აღმოჩდნენ ასეთი საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ბაჩილავამ.
მისი თქმით, თუ ამას ონლაინ სივრცეში გადმოვთარგმნით, კიდევ უფრო რთულ სურათს ვიღებთ.
„სოციალური ქსელები, ზოგადად სოციალური მედია მედიის ერთ-ერთი ფორმაა და ვიცით, რომ მედია ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვის. ის ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი აზრი გამოთქვას და დემოკრატიულ საზოგადოებაში მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა საკუთარი აზრი დააფიქსირონ, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანები შეიძლება, ფრთხილობდნენ და შიშობდნენ, რომ თუ მე რაღაც პოსტი დავწერე, შეიძლება, ვიღაც შემოვიდეს ჩემი პოსტის ქვეშ და მომაყენოს შეურაცხყოფა, დამემუქროს და ა.შ, თავს იკავებენ. სამწუხაროდ, ასეთი არაერთი შემთხვევაა. მეც მაგალითად, თქვენს სტუდიაშიც ვყოფილვარ რამდენჯერმე, სხვა ტელევიზიაშიც და დღეს მქონდა პირველად ასეთი შეკითხვა ჩემს თავთან – წავიდე, თუ არ წავიდე, ხომ არ ჯობია, ვიყო სახლში და ვიყო ჩუმად. თუმცა, ასეთი კითხვები სხვადასხვა დროს მქონია ხოლმე, იგივე რაღაც სტატუსის დაწერამდე და ყოველთვის, როდესაც ჩემს თავთან დავსვამ ამ შეკითხვას, მაინც ვამბობ და ვფიქრობ, რომ სათქმელი უნდა ითქვას, მოვლენები უნდა შეფასდეს. მათ შორის, თუ ხედავ, რომ რომელიღაც ძალა რაღაც არასწორს აკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს, ის იმ მომენტში ხელისუფლებაშია, ოპოზიციაში, თუ საერთოდ გარე ძალაა, როდესაც ხედავ, რომ რაღაც არასწორი ხდება, მგონი, ეს უნდა შეფასდეს. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელი“, – განაცხადა ბაჩილავამ.
როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგმა აღნიშნა, სოციალურ ქსელებში ე.წ ბოტები და ტროლები აწარმოებენ მიზანმიმართულ კამპანიებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში განწყობების შექმნაა.
„ამით იცით, რა რეჟიმში გადავდივართ? რეალურად, საქმეზე აღარავინ აღარ ლაპარაკობს და ე.წ პოსტსიმართლის ერას რასაც ვეძახით, ემოციების დონეზე ვწყვეტთ, ეგრევე მივემხრობით ერთს, ან მეორეს და ფიქრის, რეალურ საქმეზე მსჯელობის დრო აღარ რჩება“, – განაცხადა ბაჩილავამ.
0
0