
ბულგარეთის ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინების“ რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა სოფიაში, ევროკავშირის მისიის შენობას წითელი საღებავი შეასხა, შენობას ესროლეს პეტარდები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც შენობის შესასვლელ კარს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
როგორც „როიტერი“ ბულგარეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაახლოებით 10-მა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო ექვსი ადამიანი დააკავეს.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ „გადადექით“ და „არა ევროს“.
ქვეყნის მთავრობამ ევროკავშირის შენობებზე თავდასხმა დაგმო. აღინიშნა, რომ „მსგავსი თავდასხმები მიუღებელია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს“.
„არ გვინდა ბულგარეთის ფინანსური დამოუკიდებლობის განადგურება. გვინდა, შევინარჩუნოთ ბულგარული ლევი. აქ თავისუფლების დასაცავად ვართ“, – განაცხადა პარტია „აღორძინების“ თავმჯდომარემ, კოსტადინ კოსტადინოვმა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, დაახლოებით 3%-იან დეფიციტს დააწესებს, რაც გზას გაუხსნის ევროს შემოღებას 2026 წლის 1-ლი იანვრიდან. „რიოტერი“ წერს, რომ ბულგარელების ნაწილს აწუხებს, რომ ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, როგორც 2023 წელს ხორვატიაში მოხდა.
0
0