
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ბუდაპეშტში ,,პრაიდის’’ მსვლელობის ორგანიზებას ან მასზე დასწრებას, რაც მიმდინარე შაბათ-კვირას დაგეგმილ ღონისძიებაზე პოლიციის მიერ დაწესებული აკრძალვის დარღვევას წარმოადგენს, „სამართლებრივი შედეგები“ მოჰყვება.
უნგრეთის პარლამენტმა, სადაც ორბანის მემარჯვენე „ფიდესის“ პარტია დიდი უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მარტში მიიღო კანონპროექტი, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას, აკრძალოს ლგბტქ მსვლელობები იმ მოტივით, რომ ბავშვთა დაცვა პროტესტის უფლებაზე პრიორიტეტულია. კანონპროექტი ასევე საშუალებას აძლევს პოლიციას გამოიყენოს სახის ამომცნობი კამერები მარშზე დამსწრე პირების იდენტიფიცირებისა და 500 ევრომდე ჯარიმების დაკისრების მიზნით.
„ჩვენ ზრდასრულები ვართ და გირჩევთ, რომ ყველამ თავად გადაწყვიტოს, რა სურს, დაიცვას წესები... და, ვინც ამას არ გააკეთებს, აშკარა სამართლებრივი შედეგები უნდა დაეკისროს. პოლიციას შეუძლია აკრძალული ღონისძიების დაშლა, მაგრამ უნგრეთი ცივილიზებული ქვეყანაა და პოლიციის ამოცანაა, დაარწმუნოს ხალხი კანონის დაცვის აუცილებლობაში. ჩვენ ამ სამყაროში ერთმანეთის ცხოვრების გასართულებლად კი არა, გასამარტივებლად ვართ მოვლენილნი, ეს ქრისტიანობის არსია“, - განუცხადა ორბანმა სახელმწიფო რადიოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ,,პრაიდის’’ აღლუმის ჩატარებისკენ მოუწოდა. ეს ნაბიჯი ორბანმა კომუნისტურ დროს მოსკოვისგან გაცემული ბრძანებების მიღებას შეადარა.
„ისევე, როგორც მოსკოვი, ის [ურსულა ფონ დერ ლაიენი] უნგრეთს დაქვემდებარებულ ქვეყნად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მას შეუძლია ბრიუსელიდან უნგრელებს უკარნახოს, როგორ იცხოვრონ, რა მოსწონდეთ და რა არა“, - თქვა ორბანმა.
0
0
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
27/06/2025