
ბრიუსელში იცოდნენ, რომ თუ არაფერს იღონებდნენ, ვაშინგტონი ტარიფებს დააწესებდა. მათაც არაფერი გააკეთეს, რადგან არაკომპეტენტურები და მხდალები არიან, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სიიარტოს თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატია ევროპულ ეკონომიკას კლავს.
„გასული წლის ნოემბრიდან მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ აშშ-ში პატრიოტი პრეზიდენტი აირჩიეს. მთელმა მსოფლიომ, ბრიუსელისა და ევროკომისიის ჩათვლით, რომელსაც ფონ დერ ლაიენი ხელმძღვანელობს, იცოდა, რომ დონალდ ტრამპი დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობებისკენ ისწრაფვის. ბრიუსელში ასევე იცოდნენ, რომ თუ არაფერს იღონებდნენ, ვაშინგტონი ტარიფებს დააწესებდა. მათ იცოდნენ, მაგრამ არაფერი გააკეთეს. ისინი არაკომპეტენტურები და, უპირველეს ყოვლისა, მხდალები არიან. ისინი მხდალები არიან, რადგან რვა წლის განმავლობაში ჩაგრავდნენ დონალდ ტრამპს და ახლა ვერ ბედავენ ან არ ბედავენ მასთან დაპირისპირებას“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
როგორც უნგრეთის საგარეო უწყების მეთაურმა განმარტა, ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული ეკონომიკა ჯერ – ჩინეთის, ახლა კი ამერიკის ეკონომიკისგანაც იზოლირებული დატოვეს. პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი აპირებს ბრიუსელის შეცდომების გამოსწორებას ორმხრივი მოლაპარაკებების გზით.
„რაც ბრიუსელმა დააზიანა, ჩვენ უნდა გამოვასწოროთ აქ, ბუდაპეშტში. ჩვენ განვაგრძობთ ორმხრივ მოლაპარაკებებს ამერიკის ადმინისტრაციასთან, რათა მომდევნო თვეებში დავამყაროთ ყველა დროის საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული უნგრულ-ამერიკული ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა სიიარტომ.
0
0