
თბილისის დროით 12:00 საათზე, ბრიუსელში ევროკომისიის კოლეგიის შეხვედრა დაიწყება. მთავარი თემა გაფართოების ანგარიშია, რომელიც დღეს გამოქვეყნდება. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც დაახლოებით, 15:00 საათისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ოლივერ ვარჰეი, ევროკავშირის გაფართოების შესახებ შუალედურ დოკუმენტს წარადგენენ.
დღესვე გახდება ცნობილი, როგორ აფასებს ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებას და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე რა რეკომენდაციას გასცემს თავად ევროკომისია.
ევროკომისია, საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ შუალედურ დასკვნას გაასაჯაროებს. საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, ევროპულმა საბჭომ უკვე დეკემბერში უნდა მიიღოს.
მანამდე კი, არის დღევანდელი დღე, როცა ევროკავშირის გაფართოების პაკეტი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან ერთად უნდა წარადგინოს.
სწორედ ამ პრესკონფერენციაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც შეაფასებს 10 ქვეყანას და მათ შორის საქართველოს. შესაბამისად მომზადდება რეკომენდაციაც - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ დღეს ელოდება საქართველო ევროკომისიის შეფასებას ევროპულ მომავალზე“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს სინამდვილედ იქცევა ილიას ოცნება - „საქართველო სხვა ერთა შორის ღირსეული ეხილა“, -.
„ჩვენ გვჯერა, რომ ქართველთა ევროპული გზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მცველისა და გამგრძელებლის ილია მართლის დაბადების დღეს, ჩვენი სამშობლო, ღირსეულ პასუხს მიიღებს“, – წერს პაპუაშვილი.
ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში ვარჰეის შეხვდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც დღეს, რამდენიმე საათში გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს.
„ევროკავშირის გაფართოება გახდა ჩვენი სტრატეგიული პასუხი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოსატანად დანაწევრებულ სამყაროში“, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ უნდა შევთავაზოთ ქვეყნებს სანდო გაწევრიანების გზა, რომელიც მოიტანს შედეგს რეფორმების პროგრესში და ამოავსებს ეკონომიკურ განსხვავებას“, – დაწერა გუშინ ვარჰეიმ.
შეგახსენებთ, რომ შარშან, საქართველოსთან დაკავშირებით, შეთანხმება შედგა მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მონიჭების შესახებ, სტატუსზე პასუხი კი გადაიდო.
მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინები აქვს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციის პირობების შესასრულებლად უზარმაზარი ძალისხმევა გასწია.
0
0