
ევროკომისია და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი, ევროსაბჭოს ოქტომბრის სესიამდე, „ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის გზამკვლევს“ წარადგენენ.
დოკუმენტის თანახმად, ბრიუსელი ოთხ „საფლაგმანო“ თავდაცვის პროექტს ამზადებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას რუსეთის მხრიდან გარკვეული საფრთხეების ფონზე. პროექტებით გათვალისწინებულია ევროპული „დრონების კედლის“ აშენება, აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობა, საჰაერო თავდაცვის ფარისა და კოსმოსური თავდაცვის ფარის უზრუნველყოფა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტები ღია იქნება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, რომელიც საჭიროდ ჩათვლის მათში მონაწილეობის მიღებას.
1-ელ ოქტომბერს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები კოპენჰაგენში არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბებიან, სადაც ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხების განხილვას გეგმავენ. ევროპული საბჭოს მთავარი შეხვედრა ბრიუსელში 23-24 ოქტომბერს გაიმართება.
0
0