
The New York Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში რუს ოლიგარქებს გაყინული ანგარიშებიდან ფულის ნაწილის გამოყენების საშუალება ეძლევათ „მიმდინარე საჭიროებებისთვის“.
სტატიის მიხედვით, აღნიშნული თანხები იხარჯება კერძო მზარეულების, მძღოლების და დიასახლისების მომსახურებაში.
„ბრიტანეთის მთავრობამ რუს ოლიგარქებს უფლება მისცა, ასობით ათასი დოლარი დახარჯონ ისეთ პრივილეგიებზე, როგორებიცაა კერძო მზარეულები, მძღოლები და დიასახლისები მიუხედავად იმისა, რომ მათი საბანკო ანგარიშები სავარაუდოდ, გაყინული იყო“, - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის ცნობით, ასეთ გამონაკლისებს უწოდებენ „ლიცენზიებს“, რაც რიგ შემთხვევებში, ოლიგარქებს საშუალებას აძლევს, ბრიტანეთში საცხოვრებლად საჭირო ხარჯებზე წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯონ. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ხაზინამ სულ მცირე 82 ასეთი „ლიცენზია“ გასცა, ხოლო ბევრი ასეთი ლიცენზიის გაცემა განხილვის პროცესშია.
სტატიის მიხედვით, რიგ შემთხვევებში ხელისუფლება იძულებული გახდა, სრულად მოეხსნა შეზღუდვები მას შემდეგ, რაც სასამართლოში მიმდინარე საქმეები წააგეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ლიცენზიები“ სანქციების სისტემის ნაწილია მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-შიც, თუმცა, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ლიცენზიებს ჰუმანიტარული მიზნებით ან საყოფაცხოვრებო ძირითადი საჭიროებებისა და იურიდიული გადასახადების დასაფარად გასცემს ,,გაერთიანებული სამეფოს კრიტერიუმები უფრო მოცულობითია“.
The New York Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რუსმა ბანკირმა მიხაილ ფრიდმენმა ე.წ. ლიცენზია მიიღო 19 ადამიანის მომსახურების მიღებაზე - საუბარია მძღოლებზე, მზარეულებზე, დამლაგებლებსა და ა.შ.
სტატიის მიხედვით, სანქციების მოქმედების 10 თვის განმავლობაში ფრიდმენმა აღნიშნული მომსახურების მიღებაში 400 ათასი ამერიკული დოლარი დახარჯა. ამას გარდა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ მას საშუალება მისცა, „მისი ოჯახის საბაზისო საჭიროებებზე“ თვეში კიდევ 9 000 დოლარი დაეხარჯა.
ხოლო ფრიდმენის ყოფილ ბიზნეს პარტნიორ პეტრ ევენს ბრიტანეთში 60,000 ფუნტის (დაახლოებით 77 000 დოლარის) გამოყენების ნება დართეს ყოველთვიურად - ძირითადად, უსაფრთხოების კომპანიის მომსახურებისთვის.
„გაუგებარია, რა ტიპის მოკვლევა ჩაატარა მთავრობამ გარიგებების დამტკიცებამდე“, - ნათქვამია სტატიაში.
მთავრობის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ლიცენზიები „გაცემულია დიდი ბრიტანეთის ინდივიდუალური და ბიზნეს საჭიროებების დასაცავად".
0
0