
ბრიტანეთის სანქციები პირდაპირი პასუხია იმ უსამართლობაზე, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე, რასაც მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო სისტემა იღებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც კუპრაძე განმარტავს, ბრიტანეთის მხრიდან ეჭვის გამოთქმა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე კორუფციაში მონაწილეობენ, კიდევ ერთი დასტურია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უკანონოა.
„საკოორდინაციო პლატფორმა აგრძელებს მუშაობას, დღეს მთავარი თემა გვქონდა - საერთაშორისო გამოხმაურებები, რომელიც ამ შრომის შედეგია, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვეწევით. ჩვენთვის მთავარი მიზანია, სწრაფად, ეფექტურად, ობიექტურად მოვახერხოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, რადგან სისტემა იმ ტიპის დარტყმებს იღებს, რომელსაც ის იმსახურებს. ეს კიდევ უფრო მძაფრი გახდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ბრიტანეთის სანქციები პირდაპირი პასუხია იმ უსამართლობაზე, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე, რასაც მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო სისტემა იღებს. ბრიტანული პოლიტიკური სპექტრის და ხელისუფლების მხრიდან ეჭვის გამოთქმა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე კორუფციაში მონაწილეობენ, კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს გადაწყვეტილებები უკანონოა, მათ შორის, იგულისხმება პოლიტიკური კორუფცია და იმ დავალებების შესრულება, რასაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანი ასრულებს პოლიტპატიმრების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ“, - აცხადებს კუპრაძე.
0
0