
„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რკინის ფარდა ჩამოაფაროს მასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პლიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ოფისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წავიდეს „ვა-ბანკზე“ , ანუ „წავიდეს ავტორიტარიზმის გამყარების მიმართულებით“.
"როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რკინის ფარდა ჩამოაფაროს მასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, არ მომერიდება, ჩვენ ვხედავთ იმ უტიფრობას, რასაც „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება ამჟღავნებს საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ბრიფინგზე გამოიყვანეს ყველასთვის უცნობი ადამიანი, რომელსაც მე მგონი ამ წლების განმავლობაში ხმა საერთოდ არ ამოუღია, არავინ არ ვიცნობთ. დეპუტატებიც კი არ იცნობენ. ეს არის ჟესტი, აბუჩად აიგდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანო“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
0
0