ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X-ის განცხადებით, X ბრაზილიაში დაიბლოკება, რადგან მან კომპანიის ახალი იურიდიული წარმომადგენელი განსაზღვრულ ვადაში ვერ დაასახელა. მიმდინარე თვის დასაწყისში, სოციალური მედიის ქსელმა ბრაზილიაში წარმომადგენლობითი ოფისი დახურა და განაცხადა, რომ მის წარმომადგენელს დაპატიმრებით დაემუქრნენ, თუ ის არ შეასრულებდა ბრძანებებს, რაც კომპანიის შეფასებით, "ცენზურაა".
ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე დე მორეესმა, დეზინფორმაციის გავრცელების გამო, X-ის ათობით ანგარიშის შეჩერების ბრძანება გასცა. X-ის მფლობელი ილონ მასკი სასამართლოს ანგარიშების ხელახალი გააქტიურებით დაემუქრა და მორეესს "ტირანი" და "დიქტატორი" უწოდა. მოსამართლე მორეესმა X-ს 24 საათი მისცა ახალი კანონიერი წარმომადგენლის დასასახელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო 12 საათში, ქსელი დაიბლოკება.
მორეესის განცხადებით, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამოყენებული X ანგარიშები, რომლებიც ყოფილი მემარჯვენე პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებს ეკუთვნით, უნდა დაიბლოკოს, სანამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, თუ რომელიმე ანგარიში ხელახლა გააქტიურდება, კომპანიის კანონიერი წარმომადგენლები პასუხს აგებენ.
ვადის ამოწურვის შემდეგ, X-მა დაადასტურა, რომ მოსამართლის ბრძანება არ შესრულდა.
"ველით, რომ მოსამართლე ალექსანდრე დე მორეესი მალე გასცემს ბრძანებას ბრაზილიაში X-ის დახურვის შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მისი უკანონო ბრძანებები თავისი პოლიტიკური ოპონენტების ცენზურასთან დაკავშირებით. ფუნდამენტალური საკითხია ის, რომ მოსამართლე დე მორეესი ჩვენგან ბრაზილიის კანონების დარღვევას მოითხოვს. ჩვენ ამას უბრალოდ არ გავაკეთებთ", - ნათქვამია პოსტში.
იმავდროულად, მასკის სატელიტური ინტერნეტ ფირმა Starlink-ის ბრაზილიაში არსებული საბანკო ანგარიშები ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ბრძანების გაცემის თანახმად, გაიყინა. მოსამართლე მორეესმა პოპულარობა ქვეყანაში სოციალური მედიის პლატფორმების შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოიპოვა. ის ასევე იძიებს გასული წლის 8 იანვარს გადატრიალების მოწყობის სავარაუდო მცდელობაში ბოლსონარუსა და მისი მხარდამჭერების მონაწილეობას.
0
0