
ბრაზილია ვენესუელას საზღვარზე ჯარებს განალაგებს მას შემდეგ, რაც ვენესუელას მთავრობამ განაცხადა, რომ ის გაიანას მიერ კონტროლირებული ტერიტორიის შეერთებას გეგმავს.
ნავთობით მდიდარი ესეკიბოს რეგიონი სადავო ტერიტორიად ითვლება მე-19 საუკუნიდან, როდესაც გაიანა ბრიტანეთის კოლონია გახდა.
ვენესუელამ თავის ტერიტორიაზე პრეტენზია ხელახლა მას შემდეგ გამოთქვა, რაც რამდენიმე წლის წინ ოფშორული ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები აღმოაჩინეს. ვენესუელაში 3 დეკემბერს გამართული რეფერენდუმის შემდეგ დაძაბულობამ მოიმატა. გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა 95%-ზე მეტმა ესეკიბოსთან დაკავშირებით მთავრობის პრეტენზიას მხარი დაუჭირა. მას შემდეგ ვენესუელას ლიდერმა ნიკოლას მადურომ სახელმწიფო ნავთობკომპანიას ნავთობის მოპოვებისთვის ლიცენზიების გაცემა სთხოვა და ეროვნულ ასამბლეას კანონპროექტის მიღება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ტერიტორია ვენესუელას ნაწილად იქცევა.
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული ღონისძიებები მთელს რეგიონში შეშფოთების მიზეზი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გაიანას თავისი ჯარები მაღალ მზადყოფნაში ჰყავს, ბრაზილიის არმიამ განაცხადა, რომ მას უფრო მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული სასაზღვრო ქალაქ ბოა ვისტაში, რორაიმას შტატის დედაქალაქში.
სააგენტო France-Presse-ის ცნობით, ბრაზილიის არმიამ განაცხადა, რომ „ტერიტორიის ხელშეუხებლობის გარანტირების მიზნით“, ის რეგიონში თავის ყოფნას აძლიერებს.
6 დეკემბერს, ვენესუელას საზღვართან გაიანას სამხედრო ვერტმფრენი გაუჩინარდა, რომელშიც შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. თუმცა, როგორც გაიანას შტაბის უფროსმა, ომარ ხანმა განაცხადა, "ინციდენტში ვენესუელას ჩართულობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცლებულა.“
0
0