7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მისი შვილის ბრალეულობა არ მტკიცდება. თუმცა, მას ლაზარეს გამართლების მოლოდინი არ აქვს. ოჯახი აპირებს, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს.
"ლაზარეს ბრალეულობა არ მტკიცდება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ლაზარეს არ უმტკიცდება, ამის არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, მხოლოდ არსებობს მათი ფეიკ ვიდეოები. არც მანქანის გადატრიალების და ცეცხლის წაკიდების ამბავზე არ არის ლაზარეს ბრალეულობა დამტკიცებული და არც პოლიციელების დაწვაზე. აქედან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ სასამართლოზე, რა ვიცი, არ შეიძლება რომ გამტყუნდეს ლაზარე, მაგრამ გამართლებასაც არ ველოდებით. როგორ განაჩენს გამოიტანენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ და მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს",- ამბობს კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები სასამართლოსთან შეკრებას გეგმავენ.
სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, დაიკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან.
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0