
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულიყო პატიმრობა.
ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულებს მიმალვის მცდელობა ჰქონდათ.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულიყო პატიმრობა და მათ პატიმრობა შეეფარდათ. რაც ნიშნავს იმას, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტებით ნამდვილად დადასტურდა ბრალდებულების მხრიდან მომდინარე გამოძიებისა თუ მართლმსაჯულების განხორციელებაში უარყოფითი ჩარევის რეალური საფრთხე.
წარმოდგენილი ფაქტებით დასტურდებოდა ის, რომ ბრალდებულები სავარაუდო ქმედების ჩადენის შემდეგ ცდილობდნენ სახელმწიფო საზღვრის დატოვებას. ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობდა და არსებობს მიმალვის რეალური საფრთხე.
გამოძიება გრძელდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით იმისათვის რომ დადგინდეს თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობის საკითხი. ბრალდებულები თანამშრომლობენ, თუმცა მოცემულ დღემდე არ თანამშრომლობენ ამ საქმის დაზარალებულები“, - აღნიშნა პროკურორმა.
0
0