01/11/2024
11:26
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ბოტსვანის პრეზიდენტმა მოკვეტსი მასისმა არჩევნებში დამარცხება მას შემდეგ აღიარა, რაც წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ მისმა პარტიამ ვერ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა, რის შედეგადაც, მისი თითქმის 60-წლიანი მმართველობა დასრულდა.
როგორც კერძო გაზეთი Mmegi და სახელმწიფო რადიო იუწყება, ბოტსვანის დემოკრატიულმა პარტიამ აბსოლუტური ზღვარიც კი ვერ გადალახა, ხოლო ოპოზიციური კოალიცია „ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ - ლიდერობს, რომლის ხელმძღვანელი დუმა ბოკო პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა მინდოდა, პატივს ვცემ ხალხის ნებას და ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს. ასევე გვერდით დავუდგები და მხარს დავუჭერ ახალ ადმინისტრაციას", - განაცხადა მასისმა პრესკონფერენციაზე.
ანალიტიკოსების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული იქნებოდა, ბოტსვანის დემოკრატიული პარტია მაინც გამარჯვების დიდ მოლოდინში იყო. პარტია სამხრეთ აფრიკის ქვეყანას 1966 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მართავს.
როგორც ცნობილია, ბოტსვანა ბრილიანტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. თუმცა ბრილიანტის წარმოების საბაზრო ვარდნამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შემოსავლების შემცირება გამოიწვია და ქვეყანა ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის იბრძვის.
0
0