
ბოტსვანას პრეზიდენტმა მოკვეცი მასისიმ გერმანიას „საჩუქრად“ 20 000 სპილო შესთავაზა ცხოველებზე ნადირობასთან დაკავშირებით დიპლომატიური დავის გამწვავების გამო.
მოკვეცი მასისიმ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბერლინმა სპილოებთან თანაცხოვრება უნდა სცადოს, რათა განიცადოს ის გამოწვევები, რომლებსაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სახეობები საზოგადოებას უქმნის.
მასისი გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს გამოეხმაურა, რომელმაც 2024 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ სანადირო ტროფეის იმპორტის წინააღმდეგ მკაცრი წესები უნდა არსებობდეს.
ბოტსვანას პრეზიდენტის თქმით, გერმანელებმა უნდა "იცხოვრონ ცხოველებთან ერთად, ისე, როგორც თავად ჩვენ მიგვითითებენ".
"გერმანიას 20 000 სპილოს გავუგზავნით საჩუქრად. ეს ხუმრობა არ არის,“ - თქვა მოკვეცი მასისიმ.
მასისიმ გასულ თვეში განაცხადა, რომ 2024 წლის მონაცემებით, ბოტსვანაში სპილოების პოპულაცია თითქმის 130 000-მდე "გასამმაგდა". 1984 წელს, მათი რიცხვი 50 000-მდე იყო. მისი თქმით, ცხოველები "მუდმივ კონფლიქტში არიან ადამიანებთან".
ბოტსვანას პრეზიდენტის კომენტარების შემდეგ, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ბოტსვანას ოფიციალურად არ გამოუთქვამს რაიმე შეშფოთება მის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების საგანგაშო განადგურების“ გამო, გერმანია იძულებული გახდა სანადირო ტროფეის იმპორტის წინააღმდეგ ზომები მიეღო.
მასისიმ ასევე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებული აკრძალვა ქვეყანაში სანადირო ტროფეის იმპორტის შესახებ და ამ წინადადებას "კოლონიალური დაპყრობის პოლიტიკის აღორძინება" უწოდა. ამის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკის ქვეყნების პოლიტიკოსებმა „ჰაიდ პარკში“ 10000 სპილოს გაგზავნის საკითხი განიხილეს, რათა ბრიტანელებმა იცოდნენ, როგორია ცხოველებთან ერთად ცხოვრება.
ბოტსვანაში კონტინენტის სპილოების 1/3 ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 2014 წელს მათზე ნადირობა აიკრძალა, 2019 წელს, მთავრობა იძულებული გახდა, რომ შეზღუდვები მოეხსნა, რადგან ცხოველები გავლენას ახდენს მცირე ფერმერების საარსებო წყაროზე.
0
0