
ბორჯომის გადამტვირთავ სადგურს სამი ერთეული ახალი, „MAN“-ის მარკის ნაგავმზიდი გადაეცა, რომელიც ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებასა და გატანას უზრუნველყოფს.
სპეცტექნიკის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი ესწრებოდნენ.
სპეცტექნიკის გადაცემის მიზანი მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისა და გატანის სერვისის გაუმჯობესებაა. ახალი ნაგავმზიდები ჩაანაცვლებს მოძველებულ ტექნიკას და ხელს შეუწყობს ნარჩენების ეფექტიანად და შეუფერხებლად გატანას.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ფარგლებში მიმდინარეობს რეგიონების თანამედროვე სპეცტექნიკით აღჭურვა. ბორჯომის გადამტვირთავ სადგურზე სამი ერთეული ახალი სპეცტექნიკა გადაეცა მუნიციპალიტეტს, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს მოემსახურება. ნარჩენების გადაზიდვა ნარჩენების განთავსების ობიექტებამდე გარემოს დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხია და ახალი ტექნიკის გადაცემა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ბორჯომის გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის გეგმაც განიხილეს. სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის პროცესს და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტსა და რეგიონში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
0
0