ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე მაშველები, და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან სამცხე-ჯავახეთის სამაშველო სამსახურები და რეინჯერები, მათ ეხმარებიან მეხანძრე-მაშველები შიდა ქართლიდანაც. ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის კერები ბორჯომ-ხარაგაული ეროვნული ტყე-პარკის საკმაოდ მიუვალ ადგილას მდებარეობს, ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა ხანძრის ლოკალიზებას.
ხანძრის კერები კლდოვან ტერიტორიაზეა, სადაც დიდი რაოდენობით გამხმარი ხეა და ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ამ ეტაპზე ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ეტაპობრივად ტერიტორიაზე შედის მძიმე ტექნიკა გზების გასაჭრელად, იმისთვის რომ მეხანძრე-მაშველებს ხანძრის კერებამდე მისვლა გაუმარტივდეთ. ცოტა ხანში, მას შემდეგ რაც ნისლი გაიფანტება, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც. მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგის დრონის მეშვეობით.
ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე, ტყის მასივში ცეცხლი გუშინ გაჩნდა.
0
0