-share.jpg)
“ბოლო დროს ხშირად გვეუბნებიან, რომ მთავარი ფაქტები კი არა, არამედ აღქმებია, შეიძლება, ისეთი ტრენდი შექმნან, რომ იფიქრო, ამ ტრენდის მიღმა არ დავრჩე, თორემ დამცინებენ, გამაბულინგებენო”, ამის შესახებ მის შესახებ ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.
„ამ ბოლო დროს ხშირად გვეუბნებიან, რომ მთავარი ფაქტები კი არ არის, არამედ მთავარია აღქმები. ამ აღქმებს ქმნიან და შეიძლება, ახლა ისეთი ტრენდი შექმნან, რომ შენ იფიქრო, ამ ტრენდის მიღმა არ დავრჩე, თორემ დამცინებენ, გამაბულინგებენ, მაგინებენ და ყველაფერს გააკეთებენო. არ გვინახავს ეს თუ რა? ყოველდღე ვუყურებთ“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, მავანი ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს იმაზე, რომ უმცირესობამ შიშით მართოს საზოგადოება.
„ეს ხელისუფლებისთვისაც ძალიან საშიში ამბავია, რადგან ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა მართოს საზოგადოება და როდესაც საზოგადოებაზე ზომაზე მეტ გავლენას ახდენს რაღაც წარმოდგენები და შიშები, ეს არის უკიდურესად სახიფათო. ეს არის პიროვნების წინააღმდეგ მიმართული აქცია, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ. თითქოს ხომ პიროვნების თავისუფლების ეგიდით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში სწორედ პიროვნების წინააღმდეგ არის. პიროვნებას შენ უშლი იმას, რომ თავისი აზრი ჰქონდეს, თუნდაც მცდარი. მას აქვს ამის უფლება და ეს არის დემოკრატია. შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცადო, რომ მას ძალით გადაათქმევინო; აჯობე აზრით; არგუმენტების დაპირისპირება ჯობია ადამიანების დაპირისპირებას თოფით და იარაღით“, – განაცხადა მურღულიამ.
მისივე თქმით, ასეთ დროს საზოგადოება საშიშროებას ტანით გრძნობს და ცდილობს, დაინახოს, რამ შეიძლება, შეაჩეროს ეს, რადგან მას სურს მშვიდ გარემოში ცხოვრება, მუშაობა, განვითარება და ქვეყნის მომავლის შექმნა, რაც ძალიან ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ეს მხოლოდ საზოგადოების თვითორგანიზების კულტურაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამაც პრინციპული ნაბიჯები უნდა გადადგას კანონის ფარგლებში და სახელები დაარქვას რაღაც მოვლენებს“, – განაცხადა გია მურღულიამ.
0
0