-share.jpg)
თავის დროზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი ჩამოაცილა, საზოგადოება ითხოვდა პროცესს, რომელიც იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს გაასამართლებდა. მათ შორის გარედან იყო ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობისგან დაეფარათ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც იგი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, თავის დროზე, გარედან ჩარევის გამო, მართლმსაჯულება ვერ აღსრულდა. მისივე თქმით, დღეს ქართველ ხალხს კვლავ რადიკალიზაციითა და რეჟიმის აღდგენით ემუქრებიან.
„ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედავთ, როგორია ასეთი გარე ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დამახინჯდეს, ხელი შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება მიხეილ სააკაშვილზე ყალბი სტატიებით, ყალბი ექსპერტიზებით, უცხოელი პოლიტიკოსების ყალბი განცხადებებით და თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო ათი წლის წინ, როდესაც უფრო დიდი ტალღა იყო მაშინ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელ მფარველებს აერიდებინათ მათთვის დამსახურებული სასჯელი და სასამართლო. სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება, დღეს, ბოდიშის ნაცვლად, ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0