29/05/2023
16:57
სამართალი
ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს იცავდა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, მკვლელობა 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა. კაცმა 27 წლის ქალი შვილების თვალწინ სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ბოდბეში, შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დღეს გამოტანილი განაჩენით, უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა კაცს, რომელმაც 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქმეში „უფლებები საქართველოს“ ჩართვის შედეგად, არასრულწლოვანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ორგანიზაციის იურისტების მუშაობამ გამოავლინა არა მხოლოდ მათი მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო მამის მიერ მათი თანდასწრებით დედის მკვლელობის ფაქტით, ასევე, მამის მხრიდან შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ეპიზოდი.
გამოძიების მიმდინარეობისას, ორგანიზაციის იურისტებმა მაქსიმალურად უზრუნველყვეს ბავშვების მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვითა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებით ჩატარება.
„უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ ბოდბეში მომხდარ დანაშაულზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის 5 სექტემბერს გაავრცელა. მოგვიანებით, ქალი, ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. მას ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
0
0