17/02/2026
21:50

უნგრეთის, საბერძნეთისა და მალტის გარდა, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღების გზაზე დაბრკოლებად იქცა იტალიისა და ესპანეთის პოზიციაც. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
სააგენტოების წყაროების ინფორმაციით, ევროკომისიის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, სანქციების ახალ პაკეტში უნდა შევიდეს უცხოური პორტები და ბანკები, რომლებსაც რუსეთი ნავთობის უკანონო გაყიდვებისთვის იყენებს, რამდენიმე სახელმწიფო ეწინააღმდეგება.
როგორც მედია წერს, იტალიამ და უნგრეთმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ყულევის პორტის შავ სიაში შეყვანის ინიციატივასთან დაკავშირებით. იტალიის პოზიციას წყაროები ხსნიან იმით, რომ ამ პორტის მეშვეობით ასევე ხდება მიწოდება აზერბაიჯანული გაზის, რომელიც ევროპისთვის ერთ-ერთ მთავარ ენერგორესურსად იქცა.
აგრეთვე, იტალია და ესპანეთი არ ეთანხმებიან კუბაში არსებული ბანკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
წყაროების თქმით, ეს არის კუნძულზე არსებული ერთადერთი ბანკი, რომელიც უცხოურ ვალუტასთან მუშაობს და ემსახურება ევროკავშირის დიპლომატებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც „შესაძლოა, დახმარება დასჭირდეთ“.
სხვა უცხოური ბანკების წინააღმდეგ შეთავაზებულ სანქციებს წინააღმდეგობა არ შეხვედრია. იტალიისა და ესპანეთის მთავრობებმა კომენტარზე უარი თქვეს. „ბლუმბერგის“ მიხედვით, სკეპტიციზმი ჩნდება იმ ფონზე, რომ საბერძნეთი და მალტაც გამოთქვამენ შეშფოთებას ევროკომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვა უნდა შეიცვალოს ისეთი საზღვაო მომსახურებების აკრძალვით, როგორებიცაა დაზღვევა და ტრანსპორტირება. ასევე, ცალკეულმა ქვეყნებმა პოზიცია გამოთქვეს ინდონეზიაში მდებარე ერთ-ერთი პორტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბერძენმა ოფიციალურმა პირმა კომენტარი არ გააკეთა, ხოლო მალტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა მონაწილეობს ტექნიკურ მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო შედეგის შესრულება. მოლაპარაკებებთან დაახლოებული ოფიციალური პირების თქმით, ოთხი სახელმწიფოს პოზიციამ, შესაძლოა, შეასუსტოს სანქციების მე-20 პაკეტი, რომლის დამტკიცებასაც ევროკომისია გეგმავს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის, 24 თებერვალს. მანამდე „პოლიტიკო“ წერდა, რომ ახალი სანქციების მიღება, შესაძლოა, უნგრეთმა შეაფერხოს.
0
0
ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
17/02/2026