
აშშ-მა და უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა მოამზადეს უსაფრთხოების გარანტიების დეტალური და სერიოზული გეგმა, რათა უზრუნველყონ რუსეთთან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების დაცვა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
გამოცემის თანახმად, გეგმის საფუძველში შეკავების მრავალდონიანი სისტემა დევს.
თავდაცვის პირველი ხაზი: იქნება უკრაინის არმია, რომლის შემადგენლობა დაახლოებით 800 ათას ადამიანს შეადგენს. ამავდროულად, მოკავშირეები გააგრძელებენ იარაღის მიწოდებასა და წვრთნის პროგრამებს.
აშშ-ის როლი: ამერიკა საკუთარ თავზე აიღებს დაზვერვასა და მონიტორინგს, რათა თვალი ადევნოს შეთანხმების დარღვევის მცდელობებს, მათ შორის რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს.
გეგმის მიხედვით, ევროპული ქვეყნების კოალიციები უკრაინაში ჯარებს ფრონტის ხაზისგან მოშორებით განათავსებენ - „ნდობის განმტკიცების მიზნით“.
საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, კიევის მოკავშირეები დეესკალაციისთვის დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამენ. თუმცა, ამ ზომების წარუმატებლობის შემთხვევაში, რამდენიმე დღეში გაიწევა სამხედრო მხარდაჭერა აშშ-ის მონაწილეობით.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ამ გარანტიებს ნატოს ურთიერთთავდაცვის მე-5 მუხლს ადარებენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცდილობს ვალდებულებების საკანონმდებლო დონეზე გამყარებას აშშ-ის კონგრესში კენჭისყრის გზით.
მისი თქმით, შეთანხმება უნდა გახდეს „ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი“ და ითვალისწინებდეს რეაგირების მკაფიო მექანიზმს რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში.
ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება, არის თუ არა მზად ვლადიმირ პუტინი მიიღოს აშშ-ისა და ევროპის მიერ შეთავაზებული პირობები. კრემლი მანამდე უარყოფდა უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების ყოფნას და ითხოვდა მისი შეიარაღებული ძალების შეზღუდვას.
ამასთან, მოსკოვი კვლავ დაჟინებით მოითხოვს ტერიტორიულ დათმობებს, პუტინმა კი განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ მიზნებს „მოლაპარაკებების ან სამხედრო საშუალებების“ გზით მიაღწევს.
0
0