
ირანის გეგმაში არ შედის ბირთვული იარაღის შექმნა, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
მისი თქმით, ირანს ბირთვული იარაღის დამზადება რომ სურდეს, აშშ-ი ხელს ვერ შეუშლიდა.
„ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ამბობენ, რომ „ჩვენ არ მივცემთ ირანს მისი მიღების საშუალებას“. ბირთვული იარაღის დამზადება რომ გვდომოდა, ამერიკა ვერ შეძლებდა ჩვენთვის ხელის შეშლას. ფაქტი, რომ ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი და არ ვცდილობთ მის შექმნას, არის იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ გვსურს ეს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება. ამის შემდეგ ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ ბულინგის ტაქტიკას იყენებს.
0
0