
როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, უკრაინაში რუსეთის დამარცხებამ შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს. იმავდროულად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა თქვა, რომ მსოფლიო „დასრულდება“, თუ დასავლეთი რუსეთის განადგურებას შეეცდება.
როგორც Reuters-ი წერს, უკრაინის მოკავშირეების შეხვედრის წინა დღეს, კიევში მეტი იარაღის გაგზავნის საკითხი განხილვასთან დაკავშირებით, ასეთი აპოკალიფსური რიტორიკა მიზნად ისახავს ნატოს სამხედრო ალიანსის ომში ღრმად ჩარევისგან შეჩერებას. თუმცა პუტინთან დაახლოებული პირის [მედვედევის] მხრიდან საჯაროდ ეჭვის გამოხატვა, რომ რუსეთი შეიძლება დამარცხდეს ბრძოლის ველზე, იშვიათი მომენტია.
"ჩვეულებრივ ომში ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს დამარცხებამ შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს", - თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილემ, ნათლისღების დღესასწაულზე ქადაგებისას თქვა, რომ „რუსეთის განადგურების მცდელობა მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს“.
როგორც მედვედევმა აღნიშნა, როდესაც ნატოსა და თავდაცვის სფეროს სხვა ლიდერები, რომლებიც 20 იანვარს გერმანიაში რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვედრას გამართავენ, ისაუბრებენ სტრატეგიის შემუშავებაზე და მხარს დაუჭერენ დასავლეთის მცდელობას უკრაინაში რუსეთის დამარცხების თაობაზე, მათ უნდა იფიქრონ თავიანთი პოლიტიკის რისკებზეც.
პუტინი უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ აგრესიულ და ამპარტავან დასავლეთთან ეგზისტენციალურ ბრძოლას უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას საკუთარი მიწისა და ხალხის დასაცავად.
შეერთებულმა შტატებმა უარყო რუსეთის განცხადებები, რომ მას რუსეთის განადგურება სურს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტმა შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.
მაგრამ პუტინის მთავარი მოკავშირეების მტკიცებით, აშშ-ისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის გაწეული ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გვიჩვენებს, რომ რუსეთი ახლა კონფრონტაციაშია თავად ნატოსთან - იგულისხმება „ცივი ომის კოშმარი“ როგორც საბჭოთა, ისე დასავლელი ლიდერებისთვის.
როგორც ცნობილია, რუსეთი და შეერთებულ შტატები ყველაზე დიდ ბირთვულ ძალებს ფლობენ - მსოფლიოში ბირთვული ქობინების დაახლოებით 90%-ს.
კითხვაზე, მიუთითებს თუ არა მედვედევის განცხადებები, რომ რუსეთი კონფლიქტს ახალ დონეზე ამძაფრებს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა: „არა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს ამას“.
პესკოვის თქმით, მედვედევის შენიშვნები სრულად შეესაბამება რუსეთის ბირთვულ დოქტრინას, რომლითაც დაშვებულია ბირთვული დარტყმის განხორციელება "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღით აგრესიის შემდეგ, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება".
0
0