
საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების 50% უკვე გაყიდულია. ინფორმაციას TKT.ge ავრცელებს.
“ამ ეტაპზე გაყიდულია არსებული ბილეთების 50%. რიგში არის 273,600 მომხმარებელი” - წერს სოციალურ ქსელში TKT.ge.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრაზე ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყო. თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.
სფფ-მ ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვისაც გაავრცელა – ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0