
„ბილბორდებზე ჩაგენაცვლეთ, რადგან არავის უნდოდით“, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ზურაბიშვილი არ უნდა დარჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე.
„თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე, რატომ? იმიტომ, რომ არ ავის არ უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ ტურში, არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ, გამხდარიყავით პრეზიდენტი. დღეს თქვენ ხართ „ნაცმოძრაობაში“. არ შეიძლება თქვენ დარჩეთ პრეზიდენტი თანამდებობაზე. ელემენტარული ღირსება, რომ ჰქონდეს შერჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ის თავად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი იყო 9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა. განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ მოსამართლეებს: ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.
ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.
0
0