
ბიძინა ივანიშვილს კანონი ქონების დეკლარირებისგან არ ათავისუფლებს - ასე პასუხობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც მმართველი პარტია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდი 2 თვეს არ აღემატებოდა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2 თვეზე ნაკლები ვადით დეკლარაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი დროებით ასრულებს იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ფუნქციას, ანუ ხდება თანამდებობაზე დროებითი შიდა ჩანაცვლება. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი სრულიად ახალ თანამდებობაზე ინიშნება ან ირჩევა, თუნდაც მცირე ვადით.
„ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ქონებრივი დეკლარაციის შევსების კანონით დაკისრებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ქონებისა და ფინანსების შესახებ ინფორმაციას ქართველ ხალხს უმალავს. „ქართული ოცნება“ ცდილობს მოქალაქეები დააჯეროს, თუ რატომ უნდა იყოს ხალხისგან დამალული ივანიშვილის ქონება და რატომ უნდა იდგეს ის კანონზე მაღლა.
მათი მტკიცებით, ივანიშვილის შემთხვევაზე ვრცელდება გამონაკლისი, რომელიც ეხება თანამდებობის პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლებს. ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ის იყო არჩეული დეპუტატი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს გამონაკლისი მასზე არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან კანონის სწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელმაც კანონის შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია შეავსო დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ – სწორედაც, რომ პარლამენტის ყოფილი წევრის სტატუსით.
2 თვეზე ნაკლები ვადით დეკლარაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი დროებით ასრულებს იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ფუნქციას, ანუ ხდება თანამდებობაზე დროებითი შიდა ჩანაცვლება. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი სრულიად ახალ თანამდებობაზე ინიშნება ან ირჩევა, თუნდაც მცირე ვადით.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატად ყოფნა, თუნდაც 2 თვეზე ნაკლები დროით, არის თანამდებობაზე არჩევა და არა დროებითი ჩანაცვლება იმავე სისტემაში, და ის არ ექვემდებარება გათავისუფლებას დეკლარაციის შევსების ვალდებულებისგან.
მოვუწოდებთ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსება, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით ინფორმაციის მოთხოვნის გზითაც“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება. მათივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ეს ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა. ორგანიზაციის ცნობითვე, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, დეკლარაციების საიტზე იძებნება ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელსაც ივანიშვილის მსგავსად, ქონების აღრიცხვის ვალდებულება დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო ჰქონდა.
მოგვიანებით, ორგანიზაციას „ქართულმა ოცნებამ“ განცხადებით უპასუხა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტიის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, ხოლო როგორც პარლამენტის წევრი, ის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა, რადგან თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდი 2 თვეს არ აღემატებოდა. ეს გარემოება კი, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, პირს ქონებრივი დეკლარაციის შევსებისგან ათავისუფლებს.
0
0