პარლამენტის შენობის წინ დღევანდელი შეკრების სამზადისი გრძელდება. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ყველა, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა სურს, რუსთაველის გამზირზე უნდა შეიკრიბოს.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი შეიკრიბება და ოპონენტები კიდევ ერთხელ საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს ხელისუფლების პოლიტიკას, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონპროექტს.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. შეკრებისთვის სამზადისი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება.
მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
0
0