
ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის, B.P. TRANS-ის დირექტორი, ვალერიან კვარაცხელია, რომელმაც დღეს ბრალი აღიარა, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
რაც შეეხება თავად ბიჭიკო პაიკიძეს და კიდევ 4 პირს - იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძესა და ირაკლი გალოგრეს, ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
ვალერიან კვარაცხელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდება აღიარა, რის საფუძველზეც ადვოკატმა დავით კუტალაძემ მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
კვარაცხელიას ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის გამოც მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძვლები აღარ არსებობდა. ადვოკატმა კვარაცხელიას მიმართ 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება იშუამდგომლა.
პროკურორი ბექა ხუნაშვილი შუამდგომლობას დაეთანხმა. მისი თქმითაც, კვარაცხელია გამოძიებასთან ყველა მიმართულებით თანამშრომლობს.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, პროკურორის თქმით, მათ მიმართ რაიმე ახალი გარემოება არ გამოვლენილა, რაც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდებოდა.
ადვოკატები ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. უფლებადამცველები დაკავებულების 5 000 და 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
რაც შეეხება ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ პაიკიძის 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების, ასევე ელექტრონული მონიტორინგის დაწესებისა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ამ წუთებში სასამართლო საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხზე მსჯელობს.
ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების - როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს - გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული პირებიდან ბრალს მხოლოდ ვალერიან კვარაცხელია აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
0
0