03/04/2023
18:21
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთ მოადგილედ მისივე თანაპარტიელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილის დანიშვნას ეხმაურება. როგორც კახაძემ PIA.GE-ს განუცხადა, მთავარია, კადრი იყოს პროფესიონალი და თუ ყველაფერი კანონთან შესაბამისობაშია, პრობლემას ვერ ხედავს.
„თუ კანონი არ უკრძალავს და ომბუდსმენი თვითონ ნიშნავს თავის გუნდს, მე ეს დეტალები არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე კი ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი ოპონენტი იქნება, ნეიტრალური იქნება, თუ ვინც არ უნდა იყოს, პროფესიონალი თუ არის, მთელი რიგი მაგალითებია - ამერიკის პრეზიდენტის, კენედის დროს მისი ძმა იყო იუსტიციის მინისტრი. მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიონალი კადრები უნდა შეირჩეს და ის აგებს პასუხს, ვინც ნიშნავს, თუ ამას კანონი არ აწესრიგებს სხვანაირად, მე ეს არ ვიცი“, - აცხადებს ლადო კახაძე.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა. გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის ადგილებს ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე დაიკავებენ. ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილია.
0
0