
როგორც BBC-ი წერს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის თმის ხუთი ღერიდან აღებული ნიმუშის დნმ-ს გენეტიკური ანალიზები ჩაუტარა. კვლევის შედეგად, დადასტურდა, რომ დიდი ალბათობით, ბეთჰოვენის სიკვდილის მიზეზი B ჰეპატიტის ინფექცია გახდა, რაც გაამწვავა ალკოჰოლისადმი მისმა დამოკიდებულებამ და ღვიძლის დაავადების მრავალმა რისკ-ფაქტორმა. თუმცა, მეცნიერებმა მისი სმენის დაკარგვის საბოლოო მიზეზი ვერ დაადგინეს.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ბონში, გერმანიაში, 1770 წელს დაიბადა და გარდაიცვალა 56 წლის ასაკში ვენაში, 1827 წელს. როგორც საქვეყნოდ ცნობილია, საოცარ კომპოზიტორსა და პიანისტს 20 წლის ასაკიდან სმენის პროგრესირებადი დაქვეითება დაეწყო და 1818 წლისთვის ის სრულიად დაყრუვდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენის თანამედროვეთა უმეტესობა ამტკიცებდა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში, ვენის სტანდარტების მიხედვით, ალკოჰოლზე მისი დამოკიდებულება ზომიერი იყო, ეს მაინც სავარაუდოდ შეადგენდა ალკოჰოლის იმ რაოდენობას, რომელიც დღეს ღვიძლისთვის საზიანოდ ითვლება. თუ დიდი ხნის განმავლობაში ბეთჰოვენი ალკოჰოლს ინტენსიურად მოიხმარდა, გენეტიკურ რისკ-ფაქტორებთან ურთიერთქმედება შესაძლოა მისი ციროზის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყოს“, - თქვა კემბრიჯის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ტრისტან ბეგმა.
გენომურ მონაცემებზე დაყრდნობით, ბეთჰოვენის კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ იყო გამოწვეული ცელიაკიით ან ლაქტაზის გადაუტანლობით.
„დარწმუნებით ვერ დავასახელებთ ბეთჰოვენის გარდაცვალების მიზეზს, მაგრამ ახლა მაინც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ თმის ანალიზის მიხედვით, დიდი ალბათობით, მისი სიკვდილის მიზეზი B ჰეპატიტის ინფექცია გახდა. ჩვენ ასევე შეგვიძლია აღმოვფხვრათ კომპოზიტორის გარდაცვალების რამდენიმე სხვა ნაკლებად სავარაუდო გენეტიკური მიზეზი,“ - აღნიშნა გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერმა იოჰანეს კრაუზემ.
როგორც ბონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმმა აქსელ შმიდტმა განაცხადა, „მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენის სმენის დაქვეითების მკაფიო გენეტიკური საფუძვლის იდენტიფიცირება შეუძლებელია, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ასეთი სცენარი სრულიად გამორიცხული არ არის“.
გენიალოგისტებმა ბეთჰოვენის თმის ნიმუშებიდან აღებული Y ქრომოსომა მამის ხაზით თანამედროვე ნათესავებისას შეადარეს და მათ შეუსაბამობა აღმოაჩინეს.
„შედეგები მიუთითებს, რომ ბეთჰოვენის დაბადებამდე, მის ნათესავებში ქორწინების გარეშე ურთიერთობები არსებობდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მკვლევარებისთვის ბეთჰოვენის გენომის საჯაროდ ხელმისაწვდომობით და შესაძლოა, თავდაპირველ ქრონოლოგიურ მონაცემებზე ავთენტიფიცირებული თმის დამატებით, ერთ დღეს შეიძლება პასუხი გაეცეს დარჩენილ კითხვებს მისი ჯანმრთელობისა და გენეალოგიის შესახებ“, - თქვა ანთროპოლოგმა ტრისტან ბეგმა.
0
0