
„აი, ლევან ბერძენიშვილს აქვს ვნება, რომ ილია ჭავჭავაძეში დაინახოს არა „ოთარაანთ ქვრივის“ ავტორი, არამედ კარტის მოთამაშე“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ლევან ლორთქიფანიძემ რადიო “სივრცის” ეთერში, გადაცემა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ სტუმრობისას განაცხადა.
ლორთქიფანიძის თქმით, ქვეყანაში საგანმანათლებო ვითარება ძალიან მძიმეა, ადამიანები წიგნებს არ კითხულობენ და თუ მაინც, წიგნის შინაარსი აინტერესებთ, „იუთუბ“ ვიდეოებს უსმენენ:
„ნამდვილად ძალიან მძიმეა ვითარება, ბატონმა გოგიმ (ალექსი მესხიშვილი) ასეთი სიტყვები თქვა, რომ გემოვნება მოაქვს განათლებას და როცა ელემენტარული განათლებაც არ გაქვს, ანუ რაც შეიძლება 2 საათში ისწავლო ის, 5 წლის განმავლობაში რომ არ გაქვს ნასწავლი - ამას მივყავართ კატასტროფულ შედეგებამდე. თან ამ ყველაფერს ემატება რაღაც პოსტმოდერნული ვნება, რაც ჩვენს საჯარო ფიგურებს აქვთ, მაგალითად, ლევან ბერძენიშვილს - აი, ლევან ბერძენიშვილს აქვს ვნება, რომ ილია ჭავჭავაძეში დაინახოს არა „ოთარაანთ ქვრივის“ ავტორი, არამედ კარტის მოთამაშე და ეს ვრცელდება მერე სხვებზეც, იმიტომ რომ ადამიანი წიგნს არ კითხულობს და წიგნის შინაარსი რომ აინტერესებს, ლევან ბერძენიშვილის „იუთუბ“ ვიდეოს უსმენს... მე ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, მე ტენდენციას ვუსვამ ხაზს - არ მუშაობენ, მაგრამ ეს მარტო მათი ბრალი არ არის, სასკოლო სისტემა ჭაობშია, უმაღლესი განათლების სისტემაც ჭაობშია, ლექტორები იდიოტები ჰყავთ და ამის მერე როგორ შეიძლება ადამიანს რამე მოსთხოვო?“ - თქვა ლორთქიფანიძემ.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა,რომ ეს ვითარება პოსტმოდერნული მიდგომის ბრალია, რომლის მიხედვითაც, უნდა განადგურდეს ყველა ის ავტორიტეტი, რომელიც ქართულ საზოგადოებას ოდესმე ჰყოლია:
„სწორედ ამ ყველაფერს ემატება ის საშინელება, რომ შოთა რუსთაველი ქურდია და თამარ მეფემ გააგდო, იმიტომ რომ სახელმწიფო ხაზინიდან ფული მოიპარა, რომ დავით გურამიშვილი მშიშარა იყო და ვერ გაუწია ლეკებს წინააღმდეგობა და ასე მოყვება, რომ ყველა ავტორიტეტი ქვეყანაში არის ნულზე დასული, ყველა დიდი ადამიანი, ვინც გვყოლია მათზე ეუბნებიან ჩვენს ახალ თაობას, რომ რა უჭირს მაგათ უამრავი, სხვა ცოდვაც ჰქონდათ - ეს არის პოსტმოდერნული მიდგომა, რომ განადგურდეს ყველა ავტორიტეტი და არ არსებობდეს მისაბაძი ადამიანი ამ საზოგადოებაში.“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ რადიო “სივრცის” ეთერში.
0
0