
16 მაისს თბილისში, სპორტის სასახლესთან ნაცემი ბექა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონიანის დეიდამ, ქეთი შერმადინმა განუცხადა, ახლა მთავარი გარემოება ის არის, რომ ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა არ მძიმდება.
„ბექა კვლავ რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, ექიმები ნელ-ნელა იწყებენ რეფლექსების შემოწმებას, თვალებს, კიდურებს აქვს თუ არა რეაგირება. სიახლე ის არის, რომ მისი მდგომარეობა არ უარესდება, ისევ სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია“, - აცხადებს შერმადინი.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა ხდება გამოძიების მიმართულებით, შერმადინი პასუხობს, რომ ახლა მათთვის პრიორიტეტული ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
„ამ ეტაპზე ორიენტირებული ვართ ბექას გადარჩენაზე, რამდენიმე დღეში ჩავებმებით ამ პროცესში, ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი ნიკას ჯანმრთელობაა“, - განაცხადა შერმადინმა.
ცნობისთვის, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ივანე ტყეშელაშვილმა ბექა ონიანს რამდენიმეჯერ დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0