
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი ბექა გიუნაშვილი აცხადებს, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს დირექტორის და მთლიანად „შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს“ დისკრედიტაციას. ამის შესახებ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი ბექა გიუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ პირველ აპრილს გავრცელებული ვიდეომიმართვა წარმოადგენს ყალბი ინფორმაციისა და აბსურდული ბრალდებების კრებულს, ხოლო გაჟღერებული „ფაქტები“ რეალობას არ შეესაბამება.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი, ვუპასუხო იმ მტკნარ სიცრუესა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომელიც ბოლო საათებში სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება. კერძოდ, მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ პირველ აპრილს გავრცელებული ვიდეომიმართვა არის ყალბი ინფორმაციის, აბსურდული ბრალდებებისა და ცილისწამების კრებითი მაგალითი. მის მიერ გაჟღერებული თითოეული „ფაქტი“ წარმოადგენს ფანტაზიის ნაყოფს და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – ჩემი, როგორც სააგენტოს დირექტორის და მთლიანად „შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს“ დისკრედიტაციას.
მსურს საზოგადოებას მივაწოდო რეალური ფაქტები:
1. სურსათის ეროვნული სააგენტოს ტრანსპორტის შესახებ: ბრალდება, თითქოს სააგენტოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ავტომანქანები ცხოველების მოსაყვანად, არის სრული სიყალბე. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამის გადამოწმება შესაძლებელია ოფიციალური ჩანაწერებით;
2. აბსურდული ბრალდება „ცოცხლად დაწვის“ შესახებ: თამაზ ელიზბარაშვილის განცხადება, თითქოს სააგენტოში ხდება ცხოველების ცოცხლად დაწვა, არის უმძიმესი დანაშაული – ცილისწამება, რომელიც სცილდება ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოს. ეს არის მცდელობა, საზოგადოებაში გამოიწვიონ ხელოვნური აგრესია სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ;
3. თამარ მოსიაშვილთან კომუნიკაციის შესახებ: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე ვინმეს დავუდასტურე ცხოველების უკანონო განადგურება, არის სიცრუე. მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია საერთოდ არ შემდგარა;
4. კრემატორიუმის (ინსინერატორის) მუშაობა: როგორც სააგენტომ უკვე განმარტა ოფიციალურ განცხადებაში, ინსინერატორი გამოიყენება ექსკლუზიურად სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციისთვის, რაც კანონით დადგენილი სანიტარიული ნორმაა და არა ცხოველების მასობრივი განადგურების იარაღი.
დღევანდელმა დღემ ნათლად დაგვანახა, რომ ე.წ. ცხოველთა მოყვარულების ნაწილი, თამაზ ელიზბარაშვილის წინამძღოლობით, დაკავებულია სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო მოხელეების მიზანმიმართული „გაშავებით“. მათი ქმედებები ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და მიმართულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამების (სტერილიზაცია/კასტრაცია) ჩაშლისკენ. მოვუწოდებ საზოგადოებას, ნუ აჰყვებით ემოციურ და გადაუმოწმებელ ბრალდებებს. სააგენტო მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის, წესდებისა და ჰუმანური პრინციპების სრული დაცვით. საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, ვიტოვებ უფლებას, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი მექანიზმი ჩემი და სააგენტოს საქმიანი რეპუტაციის დასაცავად“, – წერს ბექა გიუნაშვილი.
0
0