09/05/2023
11:13
მსოფლიო
ბელგრადში, ათიათასობით სერბი ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს შეუერთდა. აქციები მიმდინარეობს ასევე ქალაქ ნოვი-სადში.
გასულ კვირაში, სროლის შედეგად, 17 ადამიანი, მათ შორის დაწყებითი სკოლის 8 მოსწავლე, დაიღუპა.
მომიტინგეები ხელისუფლების მაღალჩინოსნების, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, გადადგომასა და გაზეთებისა და ტელევიზიების დახურვას ითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით, ძალადობას უწყობენ ხელს.
სერბეთის განათლების მინისტრმა ბრანკო რუზიჩმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გადადგომის წერილში მოხსენიებულია “კატაკლიზმური ტრაგედია” სკოლაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შესახებ.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საპროტესტო აქციები დაგმო. მან ოპოზიცია ეროვნული ტრაგედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. ვუჩიჩის თქმით, ის მზადაა თავისი პარტიის პოპულარობა ვადამდელ არჩევნებზე გამოსცადოს.
„მე გავაგრძელებ მუშაობას და არასდროს დავიხევ უკან ქუჩისა და ბრბოს წინაშე... იქნება ეს ხელისუფლების ცვლილება თუ არჩევნები, ვნახოთ“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
სერბეშთი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს არის დაგეგმილი.
სერბეთი, იარაღის მფლობელობის მიხედვით, ევროპაში ყველაზე მაღალი სტატისტიკით ხასიათდება. იარაღის აბსოლუტური უმრავლესობა არალიცენზირებულია. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა უკანონოდ კუთვნილი იარაღის ჩაბარებისთვის ერთთვიანი ამნისტია გამოაცხადა. სერბეთის პოლიციის ცნობით, ამნისტიის გამოცხადებიდან პირველ დღეს დაახლოებით 1500 იარაღი ჩაბარდა.
0
0