
ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაფორმდეს შეთანხმება უკრაინასთან კონფლიქტის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების დასასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, ევროკავშირს ამჟამად არ შესწევს ძალა, აიძულოს რუსეთი უკან დაიხიოს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამიტომ გაერთიანებამ წევრი ქვეყნებისგან მოსკოვთან მოლაპარაკებების წარმოების მანდატი უნდა მიიღოს.
„რადგან ჩვენ არ შეგვიძლია პუტინს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნით დავემუქროთ და არც მისი ეკონომიკურად დახრჩობა შეგვიძლია აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რჩება მხოლოდ ერთი მეთოდი: გარიგება“, - განაცხადა მან ბელგიურ გამოცემა L'Echo-სთან ინტერვიუში.
მისი აზრით, რუსეთის მუხლებზე დაჩოქება მხოლოდ „ამერიკის შეერთებული შტატების 100%-იანი მხარდაჭერის“ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი.
„მაგრამ ისინი სულაც არ არიან უკრაინის მომხრეები. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისინი უფრო ახლოს არიან პუტინთან, ვიდრე ზელენსკისთან“, - აღნიშნა ბარტ დე ვევერმა.
„მოსკოვში მოლაპარაკებების წარმოების მანდატის გარეშე, ჩვენ არ ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც თავად ამერიკელები აიძულებენ უკრაინას დათანხმდეს გარიგებას. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის ცუდი შეთანხმება იქნება“, - დასძინა მან.
0
0