
ბელგიაში გარდაცვლილი ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის საქმეში ბევრი დეტალი კვლავ უცნობია.
“კურიერის” ინფორმაციით, გაუჩინარებულია ლიზას მეგობარი ავღანელი მამაკაცი, რომელთანაც ქისტაური საცხოვრელად ორი თვის წინ გადავიდა.
ლიზა ქისტაურის ერთ-ერთი ახლო მეგობარი “კურიერთან” ყვება, რომ გარდაცვლილი იმ სახლში ნახეს, რომელშიც მეგობართან ერთად ცხოვრობდა.
"ლიზას ვინმესთან რომ სერიოზული დაპირისპირება ჰქონოდა, ან ვინმესი ეშინოდა, ასეთი რამ არ არსებობს. ასეთი რაღაც რომ ყოფილიყო, პირველ რიგში დედამისს ეცოდინებოდა. მე ვიცოდი, რომ მის მეგობარ ბიჭს და ლიზას არ ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი, იმის გამო რომ ის თავის ქვეყანაში იმყოფებოდა დროებით. შესაძლოა ამ ტრაგედიის შესახებ მისმა შეყვარებულმა არაფერი იცის. თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა, იმ სახლში, სადაც ეს ამბავი მოხდა,"- აცხადებს ლიზა ქისტაურის მეგობარი.
ფაქტთან დაკავშირებით ბელგიაში გამოძიება მიმდინარეობს. ასევე კვლავ უცნობია, რა გახდა ქისტაურის გარდაცვალების მიზეზიც. ბელგიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ “დანაშაულის ნიშნები ჯერჯერობით არ იკვეთება”.
ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა, თუმცა მისი ოფიციალური დადასტურება დღეს მოხდა.
0
0