31/08/2023
11:56
მსოფლიო
ბელარუსის სასამართლომ ნოვოპოლოცკის მცხოვრებს, 2021 წელს შვებულების დროს გადაღებული ფოტოს გამო, 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ფოტოზე ის მტებისა და საქართველოსა და უკრაინის დროშების ფონზეა გადაღებული. მას ბრალი წაუყენეს არასანქცირებული პიკეტირებისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24.23-ე მუხლი). ამის შესახებ უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა“ იტყობინება.
უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ფოტო მის გვერდზე, სოციალურ ქსელში, 2021 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნდა. თუმცა, პოლიციამ ეს მხოლოდ წელს შენიშნა.
მამაკაცმა განმარტა, რომ 2021 წელს საქართველოში ტურისტული მოგზაურობის აღსანიშნად ეს ფოტო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მაგრამ პიკეტის გამართვას არ აპირებდა. მანვე აღნიშნა, რომ „ის ფაქტი, რომ უკრაინის დროშისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფოტო გამოქვეყნდა, დამთხვევაა“.
0
0