
ბახმუტი "პრაქტიკულად გარშემორტყმულია" „ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლებით, ამის შესახებ ევგენი პრიგოჟინი აცხადებს.
როგორც „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დღეს დილით განაცხადა, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან თვეების განმავლობაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების შემდეგ "მარწუხები იკვრება".
რუსეთის „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დაუდგენელ ადგილას გადაღებულ ვიდეოში განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა ქალაქი "პრაქტიკულად" ალყაში მოაქციეს. პრიგოჟინმა დასძინა, რომ ბახმუტიდან გასასვლელად მხოლოდ „ერთი მარშრუტიღა“ დარჩა.
პრიგოჟინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ უკრაინელი მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად ქალაქის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.
პრიგოჟინმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის ეროვნული გვარდიის ბატალიონ „სვობოდას“ მეთაურის მოადგილემ ვოლოდიმირ ნაზარენკომ თქვა: „ბახმუტში ვითარება "კრიტიკულია", რადგან ბრძოლები "24 საათის განმავლობაში" მიმდინარეობს.
„ქალაქის შტურმით აღებისას რუსები თავიანთ დანაკარგებს არ ითვალისწინებენ. ბახმუტში ჩვენი ძალების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი დარტყმა მივაყენოთ მტერს, რომელსაც უკრაინის მიწის ყოველი მეტრი ასობით ადამიანის სიცოცხლე უჯდება. რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება, აქ ბევრად მეტი რუსი გვებრძვის და მათ გასანადგურებლად იარაღი არ გვყოფნის“, - თქვა ვოლოდიმირ ნაზარენკომ.
ბრძოლები ბახმუტში და მის შემოგარენში თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს ორივე მხარისათვის ძალიან მცირე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
0
0