17/12/2021
15:05
სხვადასხვა
ყავის კანტატა. ბახი, ციმერმანი, პიკანდერი და ყავის მოყვარულები
დასავლეთ ევროპაში XVIII საუკუნე სხვა ყველაფერთან ერთად, ყავის საუკუნეც გახლდათ. ამ დროის ავსტრიული და გერმანული კაფეები ერთგვარ მუსიკალურ სალონებს წარმოადგენდნენ, სადაც სტუმრებს ცოცხალი მუსიკითა და თეატრალური წარმოდგენებით ტკბობაც კი შეეძლოთ, მაგრამ საზოგადოებაში ახალი ევროპული სასმელის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა - ბევრი გერმანელი ყავას სახიფათო და არაჯანსაღ სასმელად მიიჩნევდა. გერმანიაში ქალებისთვის ყავის აკრძალვის მიზნით საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შეიქმნა, რომელსაც მიაჩნდა, რომ სასმელი ქალებში უნაყოფობას იწვევდა.
სწორედ ამ დროს ლაიფციგის ყავის მაღაზიის მფლობელმა, გვარად ციმერმანმა, ქალაქში პატივცემულ პიროვნებას და მუსიკალური კოლეჯის დირექტორს რეკლამა შეუკვეთა, რომელიც ყავის გაყიდვას გაზრდიდა. ეს მუსიკოსი არც მეტი, არც ნაკლები, იოჰან სებასტიან ბახი გახლდათ. ლიბრეტოში დიდ კომპოზიტორს მეგობარი პოეტი კრისტიან ფრიდრიხ ჰენრიცი დაეხმარა. ასე დაიბადა პატარა კომიკური ოპერა „ყავის კანტატა“.
ამ ნაწარმოებში მხოლოდ სამი პერსონაჟი და ანსამბლია: ფლეიტა, ორი ვიოლინო, ალტი, კლავესინი და ვიოლინჩელო.
სიუჟეტის თანახმად, ოპერის მთავარ გმირს ლიზას ყოველდღიურად სამი ფინჯანი ყავის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მისთვის ყავა „მუსკატის კაკალზე ტკბილი და ათას კოცნაზე გემრიელია“, მაგრამ მამა ამ სიხარულს უკრძალავს და ქალიშვილს სახლში გამოკეტვით ემუქრება. ლიზა თანახმაა, რომ ყავა დაივიწყოს, მაგრამ ერთი პირობით - მამამ იმავე საღამოს საქმრო უნდა მოუძებნოს. მამამ პირობა შეასრულა, ლიზამ კი საქორწინო კონტრაქტში სანუკვარი სამ ჭიქა ყავა ჩაწერა.
ბახის სარეკლამო ტრიუკის წყალობით ციმერმანის ყავის სახლი ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა, სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს გაანადგურებდნენ. ახლა მისგან მხოლოდ მემორიალური დაფა და მუსიკალური შედევრი დარჩა.
პროგრესის ძრავა - ნეაპოლიტანური სიმღერის ამბავი
საოპერო სიმღერის ყველა მოყვარულს სმენია ნეაპოლიტანური სიმღერა „Funiculì funiculà“ (ჩვენ ფუნიკულორზე ავდივართ), მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ სიმღერის შექმნის ისტორია.
1980 წელს უნგრელმა ინჟინერმა და მეწარმემ ვეზუვის კრატერზე ტურისტების ასაყვანად ფუნიკულორი ააშენა. მალე გაირკვა, რომ მგზავრების სიმცირე ტექნოლოგიური სასწაულის აგებაზე დახარჯულ ფულს ვერ აანაზღაურებდა და დახმარებისთვის ისევ რეკლამას უხმეს. რომში მცხოვრებმა ჟურნალისტმა და პოეტმა ჯუზეპე ტურკომ და ნეაპოლიტანელმა კომპოზიტორმა ლუიჯი დენცამ დაწერეს სიმღერა, რომელმაც ფუნიკულიორზე დიდხანს იარსება. ცნობისთვის, ფუნიკულორი 20 წლის შემდეგ ვეზუვის ამოფრქვევას შეეწირა, ხოლო "Funiculì funiculà" 120 წელია ოპერების სცენებიდან ისმის. სიმღერას ისეთი საოპერო მომღერლები ასრულებდნენ, როგორიც ლუჩანო პავაროტი, მარიო ლანცა, ბენიამინო ჯილი და სხვებია.
ტულუზ-ლოტრეკი და წითელი წისქვილი
ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მულენ რუჟის შესახებ არ სმენია, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ამ კაბარეს პოპულარობაში უდიდესი წვლილი ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა შეიტანა. ფრანგი მხატვრის პოსტერმა, რომელიც ახალი სეზონის გახსნისთვის შექმნა, მასაც და კაბარესაც დიდება მოუტანა. გამოსახულების გულწრფელობამ, სიმკვეთრემ და ლაკონურობამ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქალაქის ქუჩებში გაკრული პოსტერები კოლექციონერებმა მყისიერად დაიტაცეს.
ნიკო ფიროსმანი- აბრები დუქანებისა და ხელოვნების მუზეუმებისთვის
ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი მსოფლიომ ნიკო ფიროსმანის სახელით გაიცნო. ღარიბ ოჯახში გაზრდილი მეოცნებე გამუდმებით ხატავდა და ნახატებს ჩუქნიდა. თვითნასწავლი მხატვარი მშობლიური კახეთიდან ტფილისში ჩავიდა, რომ საარსებო წყარო ეპოვა. ნიკო დუქანებისა და ღარიბული სასტუმროებისთვის აბრებს ხატავდა და გროშებად ყიდდა. ვინაიდან ტილოს შესაძენი ფული არც მხატვარს და არც მედუქნეებს ჰქონდათ, ნიკო სახატავ მასალად მაგიდებზე გადაფარებულ ქსოვილს იყენებდა.
მხატვარი სიღატაკეში გარდაიცვალა, დღეს კი ფიროსმანის შემოქმედება წიგნების, სიმღერების, ფილმებისა და სტატიების თემაა. 1969 წელს ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ლუვრში მოეწყო. დღეს მისი ტილოების ფასი მილიონებით განისაზღვრება.
0
0