12/01/2025
01:24
სამართალი
ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დაკავებულთაგან ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს, თუმცა სამმართველოს წინ მყოფი აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, რასაც შეკრებილთა უკმაყოფილება მოჰყვა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან მოითხოვდნენ განმარტებას, რატომ მოხდა დაკავება, რასაც ჯერ სიტყვიერი და შემდეგ რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
რაც შეეხება ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულ ოთხ პირს, მათგან ერთ-ერთი, „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაპირისპირების დროს ხელმეორედ დააკავეს.
ამ დროისთვის უცნობია ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების რაოდენობის შესახებ.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის არიან კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.
0
0