
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.
„დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები. „ბათუმის წყლის” და „აჭარის წყლის ალიანსის” სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები.
შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს ნაწილში აღდგენილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 70 აბონენტი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მდინარეებზე სიმღვრივის დონის მომატების გამო წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ლოკაციაზე, კერძოდ ბენზე, ბარცხანა, ორთაბათუმი, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე, ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე.
მობილიზებულია და მუშაობს ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური", - აღნიშნულია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.
0
0