
უკრაინაში დაღუპული, ჯაბა ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. ვიდეომიმართვაში არჩილ ხოფერია აცხადებს, რომ “ხანდახან, ჯობია, მოკვდე ციხეში, დილეგში, ვიდრე გარეთ იყო კარგად, ბედნიერად და თბილად".
"ვასაფლავებ შვილს. მე თავის დროზე, სააკაშვილის დროს, არ მომწონდა ციხეებში რაც ხდებოდა. ხალხი კვდებოდა მაშინ. მე არ მომწონს, რომ ვინმე კვდება ციხეში. ჩვენ არავინ უნდა მოვკლათ საერთოდ ციხეში.
ახლა პირადად მინდა მივმართო სააკაშვილს, როგორც ჯარისკაცმა, რომელიც მთავარსარდალთან ერთად ქართული დროშის ქვეშ იბრძოდა.
ბატონო მთავარსარდალო, ხანდახან ჯობია მოკვდე ციხეში, დილეგში, ვიდრე გარეთ იყო კარგად, ბედნიერად და თბილად. ეს არის ჩემი, როგორც მეომრის თქვენდამი მომართვა. გამოიჩინეთ სიმტკიცე, იდექით მყარად!"- აცხადებს არჩილ ხოფერია ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, ჯაბა ხოფერია 27-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაიღუპა. ჯაბა ხოფერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 10 დეკემბერს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
0
0