17/03/2023
11:18
პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია ცდილობს, საზოგადოებას თავი მოაჩვენოს საქართველოს ევროპული ორიენტაციის დამცველად, უნდა ითქვას, რომ ეს არასდროს გამოსდის, რადგან მისი რიტორიკის ევროპული „გარსის“ შიგნით მოჩანს აზროვნებისა თუ ქცევის მკაფიოდ გამოკვეთილი ბოლშევიზმი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ, 16 მარტს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ამ საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაიამ გააკეთა განცხადება (როგორც მან თქვა, საბჭოს ორი სხვა წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელითაც ლაპარაკობდა) იმის შესახებ, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა უნდა შეაფასოს პირველი არხის ახალი ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსის მდგომარეობა, წარმოადგინოს მოხსენებით ბარათი და მანამდე მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება, ანუ გაათავისუფლოს თანამდებობიდან ხსენებული თანამშრომელი. მისი თქმით, გიორგი გვიმრაძე „მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, სვამს გაურკვეველ შეკითხვებს“, რამაც, თურმე „ბევრი კითხვა გაუჩინა მოსახლეობის ფართო ფენებს“.
რა უნდა ვთქვათ ამის შესახებ? ჯერ – ზოგადად:
ძნელად დასაჯერებელია, რომ ლიკა ბასილაიას ასეთი მომენტალური და უტყუარი კონტაქტი ჰქონდეს მოსახლეობის „ფართო ფენებთან“, რომ შესაბამისი, კვლევის, ანალიზის, შეფასებისა და დასკვნის გარეშე გამოიტანოს „საბოლოო დასკვნები“ და რაღაც უაპელაციოდ ამტკიცოს – ზოგი ვერაფრით გადაეჩვია ხალხის სახელით ლაპარაკს, როდესაც არც ხალხთან და არც სახელთან ახლოსაც არ გაუვლია.
ახლა – კონკრეტულად:
1. სამეურვეო საბჭოს ერთი (თუნდაც სამი) წევრის მოსაზრება არ არის მთლიანად საბჭოს პოზიცია (ამას ხმათა უმრავლესობა სჭირდება) და ბორდის ოფიციალურ განცხადებად ვერ ჩაითვლება. ვფიქრობ, საბჭო, სწორედ ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს, როგორი პოზიცია უნდა გამოხატოს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით;
2. გიორგი გვიმრაძეს, როგორც ჟურნალისტსა და გადაცემის წამყვანს, სრული უფლება აქვს დასვას კითხვები, რომლებიც საზოგადოებისთვის ნათელს გახდის ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის დამოკიდებულებას ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური საკითხის მიმართ. როდესაც ჟურნალისტი ასეთ კითხვას სვამს, ან მინიმალურად მაინც დასაშვებ ვარაუდს გამოთქვამს, არ არის აუცილებელი გამოთქმული მოსაზრება მუდმივად მის პირად პოზიციად მივიჩნიოთ. როგორც ჩანს, ლიკა ბასილაიას ნანახისა თუ მოსმენილის აღქმისა და გააზრების სერიოზული პრობლემა აქვს და სურს, ეს თემა საზოგადოებისთვის აქტუალური გახადოს – უკიდურესად ძნელი და, ამასთან, უინტერესო მისიაა;
3. ამ ქალბატონს, ზოგადად, საჯაროდ თუ უფრო ვიწრო წრეში, მოსაზრების (ასეთი ფორმულირება – „მოსაზრება“ – ამ შემთხვევაში ძნელად გამოსათქმელია) კორექტულად, ადეკვატურად და დასაბუთებულად გამოხატვის დიდი პრობლემა აქვს – უხერხული და მიუღებელია, როდესაც ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი გახმამყივარებით, საგანგებოდ შემაწუხებელი წივილ-კივილითა და ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევით (ასეთი რამ, სამწუხაროდ, არაერთხელ გვინახავს) ცდილობს საკუთარ (პრაქტიკულად – მუდმივად მცდარ და რეალობას მოკლებულ) შეხედულებათა დამკვიდრებას;
4. ლიკა ბასილაია ყოველ ახალ ჯერზე ცდილობს (ზოგჯერ – ძალიან სასაცილოდ), საზოგადოებას თავი მოაჩვენოს, როგორც საქართველოს ევროპული ორიენტაციის დამცველმა. უნდა ითქვას, რომ ეს არასდროს გამოსდის, რადგან მისი რიტორიკის ევროპული „გარსის“ შიგნით მუდმივად მოჩანს აზროვნებისა თუ ქცევის მკაფიოდ გამოკვეთილი ბოლშევიზმი, მოძალადის სახე და განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა. ამას ყოველთვის ახლავს ნებისმიერი ოპონენტის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელთა კონფლიქტი ელემენტარულ ზრდილობასთან სრულიად აშკარაა.
5. არც ამ ქალბატონს, არც მის ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო საქართველოს ევროპულ ორიენტაციასთან (მართლა ცუდად გვქონდა საქმე, ეს ისტორიული არჩევანი ლიკა ბასილაიას დასაცავი თუ გახდა) და, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება, მის პოზიციას, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულ რეპუტაციასა და მიუკერძოებლობას (მიუკერძოებლობა კი არაერთხელ დადასტურდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ოფიციალური დასკვნებით) სრულიად ადეკვატურად შეაფასებს.
6. ლიკა ბასილაია უხეშად და დაუსაბუთებელი ჟინით „სურვილობს“ ჩაერიოს პირველი არხის მმართველობის კომპეტენციაში, მუდმივად და ახირებულად ცდილობს, ტელევიზიის შემოქმედებით პროფესიულ საქმიანობაში შემოიტანოს დაძაბულობა, უსაფუძვლო დაეჭვება, დესტრუქცია და დაამკვიდროს სრულიად გაუმართლებელი „ხედვები“. ვფიქრობ, ჩვენი ტელევიზიის მმართველი გუნდი და თითოეული თანამშრომელი ასეთ მცდელობებს ჩვეული სიმშვიდით, ეთიკური პრინციპების შეგნებული დაცვით შეხვდება და პროფესიულად გააგრძელებს იმ მიზანთა მიღწევას, რომლებიც განსაზღვრულია შესაბამისი კანონითა და დადგენილი პრიორიტეტებით.
ბატონებმა: ლაშა ტუღუშმა და ზაზა აბაშიძემ საჯაროდ უნდა დაადასტურონ ან უარყონ ლიკა ბასილაიას მიერ გაკეთებული განცხადება. ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, მათი პოზიციაც ნათლად წარმოვიდგინოთ“, – წერს გია მურღულია.
ცნობისთვის, სამეურვეო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ განაცხადა, რომ განცხადებას აკეთებს თავისი, ასევე ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელით.
ამასთან, ლიკა ბასილაია-შავგულიძის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის განცხადებაზე საპასუხო განცხადება გაავრცელა საქართველოს პირველმა არხმა.
0
0