
სირიელი აჯანყებულები აცხადებენ, რომ დამასკოში შევიდნენ. სოციალურ ქსლებში სირიის დედაქალაქის ცენტრში გადაღებული ზეიმის კადრები ვრცელდება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ორ სირიელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა და თვითმფრინავით დაუდგენელი მიმართულებით გაემგზავრა.
„ეს არის ბნელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი“, – აცხადებენ აჯანყებულთა ძალები ტელეგრამ არხით გავრცელებულ მიმართვაში. ისინი უახლოეს დროში სატელევიზიო მიმართვას გეგმავენ.
ისლამისტური დაჯგუფების „ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამის“ განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილი პრემიერის მართვის ქვეშ დარჩება მათ ოფიციალურ გადაბარებამდე.
ამასთან, აჯანყებულები აცხადებენ, რომ მათ გაათავისუფლეს პატიმრები საიდნაიას ციხიდან, სადაც გავრცელებული ცნობებით, ათასობით ოპოზიციონერი იყო დაკავებული და ნაწამები. აჯანყებულთა დაჯგუფებამ პატიმრების გათავისუფლების შესახებ ტელეგრამ არხში გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სირიაში „უსამართლობის ერა დასრულდა“.
ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა. მანამდე, 1971 წლიდან ქვეყნის სათავეში მამამისი ჰაფეზ ასადი იყო. სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო.
0
0