
ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის განცხადებით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ნაცვლად, უკრაინისთვის სესხის გაცემის გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა თავიდან აიცილა ქაოსი და განხეთქილება.
მისი თქმით, უკრაინამ გაიმარჯვა, მან მიიღო სასწრაფო, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში სჭირდება.
„დღეს ყველას შეუძლია გამარჯვებულმა დატოვოს ეს ოთახი. ვფიქრობ, უკრაინამ გაიმარჯვა, მიიღო სასწრაფო, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში სჭირდება, კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის სესხის აღების საფუძველზე, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის ბიუჯეტის რესურსებით. ეს არის სტაბილური, იურიდიულად მყარი და ფინანსურად სანდო ევროპული გადაწყვეტა. ვფიქრობ, ევროპამ გაიმარჯვა და ფინანსურმა სტაბილურობამ ნამდვილად გაიმარჯვა. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ქაოსი, თავიდან ავიცილეთ განხეთქილება, ევროპა ერთიანი დარჩა. ერთიანობა დღეს ნიშნავს, რომ ევროპა გეოპოლიტიკურ მაგიდასთან აქტუალური რჩება. ჩვენ დავიცავით ევროპის ეკონომიკური და ფინანსური სანდოობა. აქტივები გაყინული დარჩება და, საბოლოოდ, გამოყენებული იქნება იმ ზიანის აღსადგენად, რაც რუსეთმა უკრაინას არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის შედეგად მიაყენა. ვფიქრობ, ევროპულ ოჯახში არავის სურს, ეს ფული მოსკოვში დაბრუნდეს. თუმცა, ჩვენ თავდაპირველ ფილოსოფიას დავუბრუნდებით. ის გამოყენებული იქნება იმ ზიანის აღსადგენად, რაც რუსეთმა უკრაინას მიაყენა. ნება მომეცით, ძალიან ნათლად განვაცხადო, რა იდო სასწორზე. ევროპა დღეს თუ შეთანხმების გარეშე წავიდოდა, ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას გავურცუებდით იმედს, არამედ საკუთარ თავსაც. ეს არის სასტიკი ომი. ეს არის ომი ჩვენს კონტინენტზე. დემოკრატიული ერი იბრძვის თავის გადარჩენისთვის და აქ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა სასწორზეა. დღეს ბრიუსელი გაყოფილებს რომ დაგვეტოვებინა, ევროპა გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაკარგავდა. ეს სრული კატასტროფა იქნებოდა, ჩვენ მსოფლიოს გავუგზავნიდით შეტყობინებას, რომ ევროპას აღარ შეუძლია არაფრის მიღწევა“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ბარტ დე ვევერის თქმით, ზოგიერთ ადამიანს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა, რადგან სურთ ვლადიმერ პუტინის დასჯა მისთვის ფულის წართმევით, თუმცა, პოლიტიკა ემოციური საქმე არ არის და რაციონალურობამ გაიმარჯვა.
0
0