
ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს.
როგორც რკინიგზაში განმარტავენ, მიმდინარეობს მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესი. მათივე ცნობით, მიმოსვლის აღდგენის სავარაუდო თარიღად 1-ლი მაისი განიხილება.
„ბაქო-თბილისი-ბაქო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომელიც მოიცავს მოლაპარაკებებსა და ტექნიკური დეტალების დაზუსტებას როგორც სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის, ასევე საკითხთან დაკავშირებულ ორივე ქვეყნის შესაბამის უწყებებთან. მხარეები ინტენსიურად მუშაობენ და მიმოსვლის აღდგენის აქამდე დაანონსებული სავარაუდო თარიღი, 1 მაისი, დღეის მდგომარეობით ძალაშია“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ რეისების გახსნის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. იქამდე აზერბაიჯანული მედია ვარაუდობდა, რომ მიმოსვლა შესაძლოა, აპრილიდან დაწყებულიყო.
0
0