
რა ჩანს ვიდეო კადრებში, რომელიც კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისის დაყაჩაღებას ასახავს და რას ამბობენ კომპანიაში - "კურიერი" დაყაჩაღებული კომპანიის იურისტს ესაუბრა, რომელიც მომხდარის დეტალებზე საუბრობს. იურისტის ინფორმაციით, რამდენიმე პირი მათ ოფისში თავდაპირველად მოტყუებით შევიდა, ხოლო შემდეგ ყაჩაღობაზე გადავიდნენ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ამ თავდასხმაში მონაწილეობდა, ერთ-ერთი ბრალდებული დავით ფეიქრიშვილი, ეს იურისტმა არც უარყო და არც დაადასტურა.
"ოფიციალურად, გამოძიებისგან, რომ ეს ადამიანი არის ბრალდებული, ჩვენამდე არ მოსულა. ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. შევიდნენ, როგორც ჩვენი კომპანიის კლიენტები და როდესაც ელექტროსაკეტით დაცული კარი გაიღო, შეცვივდნენ შიგნით. მარტივად რომ ვთქვათ, ბანალური ყაჩაღური თავდასხმა იყო.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იმ ღამესვე პოლიცია ადგილზე იყო მობილიზებული, ამოიღეს მტკიცებულებები, ამოღებულია, მათ შორის ვიდეო მასალა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი და მიმდინარეობს გამოძიება.
სერვერები რაც მოგლიჯეს, მათი აზრით, ამ სერვერებზე ინახებოდა შიდა ვიდეო-კადრები და მაგიტომ წაიღეს," - ამბობს იურისტი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
რაც შეეხება ბრალდებულების ინტერესების დამცველებს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საქმის მასალებში გარდა გამოკითხვის ოქმებისა, წარმოდგენილი რეალურად არაფერია. ამასთან, ადვოკატის თქმითვე, გავრცელებული მასალა არ ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დავით ფეიქრიშვილი თავდასხმაში მონაწილეობდა.
ცნობისთვის, წუთნახევრიან მასალაში ჩანს უშუალოდ დაყაჩაღების მომენტი. ჩანან ის პირები, რომლებმაც არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მილიონი გაიტაცეს.
წაღებულია 800 000 დოლარი ქეშად, დანარჩენი კი სერვერებიდან ამოიღეს. კადრებში ჩანან, ასევე, ოფისი თანამშრომლები და მოქალაქეები, რომელთაც გადაადგილება ეკრძალებოდათ. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ასევე, კიდევ ერთ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, პოლიცია ეძებს.
0
0