
„ინდონეზიის ტურისტულმა კურორტმა, ბალიმ გადაწყვიტა, რომ ზოგიერთ რაიონში სასტუმროების, ვილებისა და ღამის კლუბების მშენებლობა აკრძალოს, რადგან კუნძული მიწის ზედმეტად ათვისების პრობლემას ებრძვის,“ - განუცხადა მედიას კუნძულის დროებითმა გუბერნატორმა სანგ მადე მაჰენდრა ჯაიამ.
ჯაიამ ცენტრალურ მთავრობას გეგმა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ინდონეზიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ბალის ტურისტული სექტორის რეფორმირებას, ტურიზმის ხარისხისა და სამუშაო ადგილების გაზრდას და კუნძულის ძირძველი კულტურის შენარჩუნებას.
„აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს დენპასარის, ბადუნგის, ჯანიარის და ტაბანანის დატვირთულ რაიონებში კომერციული მიზნებისთვის მიწის ზედმეტად ათვისების თავიდან აცილებას, როგორიცაა კუნძულზე სასტუმროების, ვილების, დისკოთეკების მშენებლობა და პლაჟზე კლუბების მოწყობა. ჩვენ მისი რეფორმირება გვინდა. მთავრობა ორწლიანი მორატორიუმის გეგმას განიხილავს, რომელიც შეიძლება 10 თვემდე გაგრძელდეს,“ - თქვა გუბერნატორმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ბალიში ამჟამად 200,000-მდე უცხოელი ცხოვრობს, რაც ხელს უწყობს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კრიმინალის ზრდა, მიწის ზედმეტად ათვისება და სამუშაო ადგილების კონკურენცია. ბალიში ტურისტთა ნაკადი COVID-19 პანდემიის შემდეგ გაიზარდა. ტურისტების არასათანადო ქცევის ვიდეოები ხშირად ვირუსულად ვრცელდება, რაც მოსახლეობას აღაშფოთებს და, ზოგადად, ინდონეზიაში სოციალური მედიის მომხმარებლების მხრიდან მკაცრ რეაქციებს იწვევს.
2019 წელთან შედარებით, 2024 წელს, ბალიში სასტუმროების რაოდენობა 507-დან 541-მდე გაიზარდა.
0
0